ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფონზე, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის იდეას პოლიტიკოსების მწვავე რეაქციები მოჰყვა. მავთულხლართების აღმართვის პარალელურად, მსგავსი დაწესებულების გამოჩენას დაუშვებლად მიიჩნევს გაერთიანებული ოპოზიცია. ცენტრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. მისი თქმით, თბილისში რუსული ცენტრის გახსნა დეკემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, სახელმწიფოს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ქართულ კულტურას და ენას სპობს, კულტურისა და ენის ცენტრი არ უნდა გაუხსნა:
"ამერიკა ვიეტნამის ომი რომ მიდიოდა მაშინ რომ გახსნილიყო ჰანოიში ან საიგონში ამერიკული კულტურის ცენტრი, ეს ხომ გამორიცხულია? სახელმწიფო არის ოკუპანტი, ყოველდღე გვღობავს, ქართულ კულტურას და ენას სპობს ოკუპირებულ რეგიონებში და იმას უხსნი კულტურისა და რაღაცის ცენტრს," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე დარწმუნებულია რომ ასეთი ცენტრის გახსნა ვერ მოხდება:
"ჩვენ მონობიდან გამოვედით, დასრულდა ასეთი დამოკიდებულება, ამიტომ ასეთი ტიპის ცენტრები საქართველოში აღარ გაიხსნება, რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატს, ეს უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად," - აღნიშნა ოთარ კახიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ ასეთ შეთავაზებას ვერც კი უნდა ბედავდნენ:
"ვაჟა გაფრინდაშვილი უზით ციხეში და ამ დროს გველაპარაკებიან რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე, ამას ვერც კი უნდა გვიბედავდნენ. სამწუხაროდ ამას იძლევა ჩვენი ხალხის ნაწილის განწყობა, რომელსაც სრულიად დასაშვებად მიაჩნია, რომ ოკუპანტთან უნდა ვთანამშრომლობდეთ,"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.