გიორგი ტყემალაძე, გიორგი ახვლედიანი, მარიკა დარჩია - ეს თბილისი საკრებულოს იმ დეპუტატთა არასრული სიაა, რომელთა დეკლარაციებშიც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ანალიტიკოსებმა დარღვევები აღმოაჩინეს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირთაგან 10-მა დეპუტატმა ინფორმაცია ბიზნესსაქმიანობის შესახებ დამალა, რაც კანონით აკრძალულია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას მიკერძოებულს უწოდებს თინათინ ნიბლოშვილი. საკრებულოს სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომპანიებს, რომლის წილის ფლობისთვისაც ის ანგარიშში მოხვდა, ფინანსური სარგებელი არასდროს მოუტანიათ.
იღებს თუ არა შემოსავალს ბიზნესწილიდან საკრებულოს წევრი, კანონის თანახმად ის დეკლარაციაში მაინც უნდა მოხვდეს - ასე უპასუხეს საკრებულოს უმრავლესობის წევრს "საერთაშორისო გამჭვირვალობაში." არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევა სამართლებრივი ნორმების მიხედვით ჩატარდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთა ბიზნესსაქმიანობაზე დღეს საკრებულოს ოპოზიციონერ წევრთა ნაწილმაც ისაუბრა. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, უმრავლესობის დეპუტატები თბილისში მიმდინარე სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკანონოდ ლობირებენ. ხელისუფლების ოპონენტთა კიდევ ერთი ნაწილი კანონში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დეკლარაციის შევსების ვალდებულება დარჩენილ 23 რიგით წევრსაც უნდა ჰქონდეს.
საკრებულოს რიგითი დეპუტატების მხრიდან სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტაზე საუბარი არალოგიკურად მიაჩნია ლევან ჟორჟოლიანს. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დღეს ოპონენტებს შეახსენა, რომ 23 დეპუტატი ოფიციალურ ხელფასს არ იღებს, შესაბამისად, არც დეკლარაციის შევსების საფუძველი არ არსებობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" თბილისის საკრებულოს 50 დეპუტატის შესაძლო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ კვლევას 2 თვის განმავლობაში ატარებდა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საკრებულოს 10-მა დეპუტატმა დეკლარაცია არასრულად შეავსო. აქედან ექვსმა კერძო კომპანიაში საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა, ხოლო ერთი დღემდე კომპანიის დირექტორის თანამდებობას იკავებს. არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებს.