დღეს, 7 იანვარს, მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი შობას აღნიშნავს. ტაძრებში შესრულებული საშობაო წირვის შემდეგ, წინ არის დღის მთავარი რიტუალი. ალილოს 20 წლიანი ტრადიცია არც წელს დაირღვევა.
ორგანიზატორები რესპუბლიკის მოედანზე უკვე შეკრებილნი არიან, საიდანაც მსვლელობა ზუსტად 2 საათზე დაიწყება.
წელსაც, წინა წლების მსგავსად, უკვე მიიყვანეს კამეჩები ურმებით.
რესპუბლიკის მოედანზე, ასევე, არის დეკორაციები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო.
ადგილზე იმყოფებიან ქრისტეშობის მახარობლები, რომლებიც ბიბლიური პერსონაჟების ფორმებში არიან გამოწყობილი. მსხვლელობა ზუსტად 2 საათზე დაიწყება. ისინი გაივლიან პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს, ასევე, გაჩერდებიან პარლამენტისა და საკრებულოს შენობებთან.
მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან, ნაწილი კი საპატრიარქოს შენობასთან მივა.
"წელს არის საიუბილეო თარიღი. 20 წელია, რაც უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით აღდგა ეს უძველესი ალილოს ტრადიცია. უშუალოდ მსვლელობას რაც შეეხება, ტრადიციულად, ჩვენ ქრისტეშობის მახარობლები დავიწყებთ მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში. გზადაგზა შემოწირულობა რაც შეგროვდება, კვლავ დავახარისხებთ სამებაში და დარიგდება ჩვენს ბენეფიციარებთან," - აცხადებს ალილოს მონაწილე მედეა ხუნდაძე.