18 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"ქვეყანაში არის პროტესტი და დასავლეთიდანაც დედის გინება მოდის ყოველდღიურ რეჟიმში" - ჯაფარიძე

პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, შეუსრულებელი დაპირების გამო, აუცილებელია ხელისუფლებას დისკომფორტი შეექმნას.

ჯაფარიძის შეფასებით, ქვეყანაში არ არის ნორმალური მდგომარეობა, ამიტომ ვიდრე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დანაპირები არ შესრულდება, საპროტესტო მუხტი და დისკომპორტი არ განელდება.

"ეს არის დისკომფორტის შექმნა, ყურადღების მიქცევა და ჩვენება ზოგადად ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომ ქვეყანაში არ არის ნორმალური მდგომარეობა. ასეთ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს პარლამენტი.

ჩვენ ვაპროტესტებთ და ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, რასაც დაპირდა ივანიშვილი, როგორც ჩვენ, ასევე დასავლელ პარტნიორებს. შედეგად მივიღეთ ის, რაც ხდება, ქვეყანაშიც არის პროტესტი და დასავლეთიდანაც მოდის დედის გინება პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში," - განაცხადა ჯაფარიძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი მდივანის ლევან სამუშიას განცხადებით, მშვიდობიანი აქცია შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

"ყველა სფეროში უსამართლობაა, ხელისუფლებამ ერთი წლით ადრე გადაწყვიტა არჩევნების მოპარვა და ჩვენ ბუნებრივია ამას ვაპროტესტებთ. ჩვენ კარგად ვხედავთ და აღიარებითი ჩვენებაც მივიღეთ ბატონი შოთაძისგან, თუ როგორი არაფორმალური მმართველობაა ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ მშვიდობიანი პროტესტი გამოიღებს იმ შედეგს, რომ ხალხის არჩევანი იქნება რეალიზებული," - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები უცვლელი მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქციას და "სირცხვილის კორიდორს" აწყობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები