პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით გამართული აქცია პარლამენტთან დასრულებულია. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან მოწყობილი ე.წ. სირცხვილის დერეფნების შემდეგ, მათ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს და პარლამენტთან, მერიის მიერ აღმართულ "მწვანე კედელზე" სტიკერები გააკრეს.
გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის იწყებს მზადებას.
"უნდა იყოს ასე - აქ აქცია პიკეტი, იმიტომ, რომ ხალხის რჩეული, რომ ჰქვია და ხალხს, რომ ემალება, ხალხმა უნდა შეახსენოს საკუთარი მოვალეობა. პარალელურად, იქნება ისეთ დროს, როდესაც პარლამენტი არ არის, რაიონებში აქციები და თებერვლის განმავლობაში დაზუსტდება, დიდ აქციას დავაანონსებთ და ამ აქციისთვის იქნება მზადება. იმ სუბიექტს, კობახიძე, რომ ჰქვია, უნდა შევახსენო, რომ საკუთარ თავზე ითვალოს თმები ჯობია, ვიდრე ქუჩაში ხალხი," - განაცხადა გიგი უგულავამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ აქციები გაიმართება ყველა იმ სახელმწიფო უწყებასთან, სადაც "ქართული ოცნების" წევრები მივლენ.
"სირცხვილია, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები დღეს ასე სხედან ამ პარლამენტის შენობაში და ამ ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ. სირცხვილია, რომ ამ ქვეყანას მართავს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ, ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე. ჩვენ ვიქნებით ყველგან, პარლამენტთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყველა იმ სახელმწიფო უწყებასთან, სადაც ისინი იქნებიან, იმიტომ, რომ ყველამ უნდა ნახოს, ყველამ უნდა გაიგოს, ვინ არიან ხელისუფლების ის დეპუტატები, რომლებმაც მოპარეს საქართველოს მოსახლეობას პროპორციული არჩევნები," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.