"ვერავის ვერ ავუკრძალავთ ვინმესთან შეხვედრას, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საკვანძოა გზავნილი და შინაარსი,"- ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძემ ცალკეული ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა.
"ევროპული საქართველოს" გვაქვს ჩვენი ფორმატი, ამ ფორმატში ვართ ხელისუფლებასთან ჩართული დიალოგში. ეს დიალოგი თავად ხელისუფლებამ ააყირავა, ამიტომ ჩვენს გადაწყვეტილებას თავად მივიღებთ. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ვერავის ავუკრძალავთ ვინმესთან შეხვედრას, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საკვანძოა გზავნილი და შინაარსი. ამიტომ, ვერცერთ პარტიას ხელისუფლებასთან შეხვედრას თუ მოლაპარაკებას, რომელიმე სხვა პარტია ვერ აუკრძალავს,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან აღარ ჯდება, "ოცნებამ" პარტიებთან ინდივიდუალური დიალოგი დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა.
"გირჩში" ადასტურებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ.
უმრავლესობასთან ინდივიდუალურ დიალოგს არ ადასტურებს პარტიების ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლელო" და ლეიბორისტები.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი