ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. ქართველ გმირს პატივი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. არჩილ ტატუნაშვილის მამის გიორგი ტატუნაშვილის თქმით, მის შვილს ოკუპანტები საქართველოს წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებას სთხოვდნენ და აიძულებდნენ ეთქვა, რომ ამერიკელების მიერ მომზადებული ტერორისტი იყო, თუმცა არჩილ ტატუნაშვილმა მსგავსი განცხადების გაკეთებას სიკვდილი არჩია:
"ღირსეულად იცხოვრა რაც იცხოვრა და სიკვდილიც ღირსეული ერგო, არ დაჰყვა იმათ ნებას რის თქმაც უნდოდათ, რომ ეთქმევინებინათ, თითქოს ამერიკელების მომზადებული ტერორისტი იყო და ტერაქტის მოსაწყობად იყო შესული. ეგ რომ ეღიარებინა ცოცხალი დარჩებოდა, მაგრამ ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ამჯობინა," - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
ტატუნაშვილის მამა მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ მათ რუსეთი დააკავებს და საქართველოს გადმოსცემს, თუმცა რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედების იმედი მას არ აქვს:
"დასჯა მაშინ მოხდება, თუ რუსეთი დააკავებს და გადმოსცემს ჩვენს ხელისუფლებას სხვანაირად ეს მკვლელები ევროპის ქვეყნებში არ გავლენ ცხადია, რუსეთმა უნდა დააკავოს, მაგრამ არ დააკავებს," - აღნიშნა გიორგი ტატუნაშვილმა.