პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკის თქმით, ხელისუფლების პრინციპული დამოკიდებულებაა, 40%-ზე ნაკლები რეიტინგის მქონე პარტიას მთავრობის ფორმირების უფლება არ ჰქონდეს. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, კოალიციური მთავრობა საუკეთესო გამოსავალია.
"ყურადღებით ვიყოთ ვინ რა საკითხს აყენებს და რომელი პოზიცია არის ქვეყნისთვის უფრო მისაღები. ჩვენი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ 40%-ზე ნაკლები რეიტინგის მქონე პარტიამ კეთილი უნდა ინებოს და სხვა პარტიასთან ერთად მოძებნოს საერთო ენა და შექმნას მთავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 40%-იანმა პარტიამ თუკი დააკომპლექტა ხელისუფლება, ის მუდმივად იქნება არასტაბილურ გარემოში,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევის მიზნით ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მორიგი არაფორმალური შეხვედრა დღეს გაიმართება.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფორმატი "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყდა. თუმცა, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, მხარეებს შორის არაფორმალური შეხვედრები შედგა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.