18 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
მმართველი გუნდის წევრები 3 თვის ხელფასის 1/3-ს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს  კორონავირუსის წინააღდმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი თქმით, ეს სოლიდარობის აქტი აერთიანებს 105 ადამიანს, 93 დეპუტატს და მთავრობის 12 წევრს.

"დღეს ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. პანდემია საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე მათ კეთილდღეობას. პანდემიასთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
ამ ბრძოლაში „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, ვითარების მართვაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებული როლი აკისრია. ჩვენი გუნდის ლიდერები და რიგითი წევრები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები, ჩვენი პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ ეპიდემიამ რაც შეიძლება მცირე ზიანი მიაყენოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
საერთაშორისო შეფასებებით აღიარებულია, რომ „ქართული ოცნების“ ერთიანმა სახელისუფლებო გუნდმა მაქსიმალურად ეფექტიანად გაართვა თავი ამ ეტაპზე ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, პარტიაში არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა დამატებითი წვლილის შეტანა შეუძლია პარტიას და მის თითოეულ წევრს ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლის საქმეში. პარტიის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში გვთავაზობენ საკუთარ იდეებსა და კონკრეტულ ინიციატივებს.
ვფიქრობთ, ამ ვითარებაში სოლიდარობის გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამგვარი სოლიდარობის მაგალითი იყო ჩვენი პარტიისა და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობა ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი წარმომადგენლებისთვის სოციალური დახმარების მიწოდებაში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელთა ოჯახებსაც აქვთ დამატებითი კომერციული შემოსავლები, სოლიდური თანხები გაიღეს ეპიდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.
ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულმა წევრმა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი ხელფასის 1/3.
საჭიროებისამებრ მზად ვართ დამატებითი წვლილი შევიტანოთ ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში.
დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ.
ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები