მართლმადიდებლებმა აღდგომა "ლოქდაუნის" ფონზე აღნიშნეს - ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია რამდენიმე ქვეყნის მაგალითს მიმოიხილავს, მათ შორის არის საქართველოც.
როგორც ავტორი წერს, მსოფლიოში მართლმადიდებელი ქრისტიანები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, აღდგომას მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე ზეიმობენ. BBC წერს, რომ საქართველოში მორწმუნეებს ტაძრებში ლიტურგიაზე დასწრების შესაძლებლობა მისცეს.
აღდგომის ღამე სახლში გაატარეს ბერძენმა მართლმადიდებლებმა, ხელისუფლებამ კოვიდ სიტუაციის გამო მკაცრი შეზღუდვები დააწესა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი, მოსახლეობას წმინდა კვირეულის იზოლაციაში გატარების თხოვნით მიმართა. მისი თქმით, იზოლაცია ერთადერთი გზაა საბერძნეთმა თავი დააღწიოს მსოფლიოში მძვინვარე პანდემიას.
მოკრძალებულად აღინიშნა აღდგომის დღესასწაული რუმინეთში. მოსახლეობამ ტაძრებში გასვლას სახლში დარჩენა ამჯობინა და მაცხოვრის სადიდებლად სანთელი აივანზე დაანთო, სოფელ ბაიკოში ადგილობრივმა სასულიერო პირებმა მრევლს იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი ეზოს კარებთან მიუტანეს.
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მოექცა. ბრიტანელმა ტომ მურმა ქვეყნის ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა. როგორც ომის ვეტერანი ამბობს, არ ეგონა, თუ მის წამოწყებას ამ მასშტაბის გამოხმაურება მოჰყვებოდა. ტომ მური ყველა იმ ადამიანს, ვინც მას ექიმებისთვის თანხის შეგროვებაში დაეხმარა, მადლობას უხდის. შეგროვებული თანხა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებს გადაეცემა.