სერგეი ლავროვის კრიტიკული გზავნილების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი, საქართველოს პრეზიდენტი ჯერ არ გამოხმაურებია ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, თუმცა რუს დიპლომატს უკვე უპასუხეს თბილისიდან სხვა პოლიტიკოსებმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის საპასუხო განცხადებაში შეეხო ავიამიმოსვლის აღდგენის, დიპლომატიური ურთიერთობის და საქართველოში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით ლავროვის მიერ გაკეთებულ მინიშნებებს. დავით ზალკალიანის თქმით. დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი გამორიცხულია:
"როგორც საყოველთაოდ ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით და, შესაბამისად, თუ რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით.
საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია სამი საელჩო ქვეყნის ტერიტორიაზე და საკითხის განხილვაც კი გამორიცხულია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების კუთხით ხელშესახები პროგრესის ანუ დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე.
სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.