მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
გიორგი გახარიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინაში შესაძლო ვიცე-პრემიერობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
მისივე თქმით, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.
"უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუნქტურა. თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ჩემთვის პირადად, მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმების თრევა და პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა, ეს გადაწყვეტილებაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია.
თუმცა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ," - განაცხადა გახარიამ.