საქართველოს ხელისუფლება პანდემიისგან დაზარალებული მოქალაქეებისა და ეკონომიკის დასახმარებლად სულ 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს. ანტიკრიზისული გეგმა დღეს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას პირადად გააცნო. დოკუმენტის მიხედვითაც ირკვევა, რომ კრიზისის მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოქალაქეების ფინანსური დახმარება იქნება. ხელისუფლება დროებით უმუშევრად დარჩენილ 350 000 მოქალაქეს ექვსი თვის განმავლობაში 460 მილიონი ლარით დაეხმარება.
300 ლარიან ერთჯერად დახმარებას ბიუჯეტიდან მიიღებენ თვითდასაქმებულებიც. ამისთვის მოქალაქეებმა შემოსავლის დამადასტურებელი პირადი საბანკო ჩარიცხვა ან საქმიანობის დამადასტურებელი სხვა სახის დოკუმენტი ადგილობრივ სოციალურ სამსახურებს უნდა წარუდგინონ.
ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფო ყოველთვიურად 100 ლარით დაეხმარება სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებსაც.
ანტიკრიზისული გეგმა პენსიონერებისთვის პირდაპირ ფულად დახმარებას არ ითვალისწინებს. თუმცა პრემიერმა დღეს განმარტა, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მინიმალური პენსიის 30 ლარით გაზრდა კვლავ ძალაში რჩება. გარდა ამისა, 2021 წლიდან 70-წლამდე პენსიონერებს პენსია 20 ლარით, 70 წელს ზემოთ კი 25 ლარით გაეზრდებათ. ერთი წლის განმავლობაში 410 000 პენსიონერის ყოველთვიურ შემოსავალს დაახლოებით 50-60 ლარი დაემატება.
ყველაზე მასშტაბურ დახმარებას ხელისუფლებისგან გაკოტრების პირას მისული კერძო სექტორი მიიღებს. 1.7 მილიარდი ლარის საბიუჯეტო სუბსიდირებას მთავრობა მხოლოდ ამ სექტორის დასახმარებლად გეგმავს. გარდა ამისა, ყველა ის მცირე და საშუალო კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს ან მიიღებს ახალ თანამშრომელს, გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
50 მილიონი ლარის აგროკრედიტი გამოიყოფა 5 000 ფერმერის მხარდასაჭერად. მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფიზიკური და იურიდიული პირები 2020 წლის განმავლობაში სამელიორაციო და სარწყავი წყლის საფასურისგან გათავისუფლდებიან. ეტაპობრივად მოხდება 2 100 000 ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია. პროცენტის დაფინანსებაში სახელმწიფოს მონაწილეობა გაიზრდება პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებშიც.
ანტიკრიზისული სტრატეგიის მიხედვით, დაფინანსდება და საგრანტო მოცულობა გაეზრდებათ სოფლის მცხოვრებლებსაც. ხელისუფლება ერთწლიანი კულტურების მოყვანის დაფინანსებას დაბალპროცენტიანი აგროკრედიტით გეგმავს.
ბიზნესისა და მოქალაქეების პარალელურად, 350 მილიონი ლარით დაფინანსდება ჯანდაცვის სექტორიც, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ფიქრობს, რომ ეს დროის მოკლე მონაკვეთში სამედიცინო სამყაროს "კოვიდ19-თან" ეფექტურ ბრძოლაში დაეხმარება. სტრატეგიის მიხედვით გამოყოფილი ყველა დახმარების გაცემა მიმდინარე წლის მაისიდან ამოქმედდება.