18 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ოპოზიცია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას არჩევნებზე მორგებულ პიარად აფასებს

მთავრობის ექვსპუნქტიანი ხედვა საარჩევნო კამპანიის დაწყებად შეფასდა ოპოზიციაში. ძირითადი პრეტენზია ანტიკრიზისული გეგმის ვადებია - მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. ქართული ოცნების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ დახმარება უნდა გაიცეს არა 6 თვის პერიოდში, არამედ ერთჯერადად, ან ერთი კვარტლის განმავლობაში.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიას თქმით, ქართულ ოცნებას ილუზია აქვს, რომ ხალხის ფულის ისევ ხალხისთვის ასე განაწილებულად მიცემით მოიგებს არჩევნებს.

"გეგმით როდესაც არც საგადასახადო წნეხს არ უკლებენ მოქალაქეებს, არც გამჭვირვალე და არსებითი დახმარება არ აქვთ უმუშევრად დარჩენილებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, საპენსიო ფონდის ფულსაც კი არ უბრუნებენ ხალხს, რომელიც მათი ფულია. გეგმით, სადაც ისინი იგივე ილუზიით არიან, რომ ჩვენ უკეთ ვიცით თქვენ ფულს როგორ დავხარჯავთ და ასე გაგვინაწილებენ არჩევნების წინ. შეიძლება მართლა აქვთ ილუზია, რომ ამით მოიგებენ არჩევნებს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ანტიკრიზისული გეგმა არჩევნებზე მორგებული პროცესია:

"ჩვენ მოვისმინეთ არჩევნებზე მორგებული, გაწელილი პროცესი, რამდენიმე ასეული ლარი, რომელსაც დაურიგებენ ადამიანებს და ჰგონიათ, რომ ამით ხელისუფლებას შეინარჩუნებენ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

თვითდასაქმებულ ადამიანებზე გამოყოფილი თანხის ოდენობა გახდა კრიტიკის საგანი "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის მხრიდან:

"თვითდასაქმებულ ადამიანებს მთავრობა სთავაზობს, რომ მათ თავიანთი ოჯახები დღეში 1.60 თეთრად გამოკვებონ და ამ სამარცხვინო 1.6 ლარსაც 4-დან მხოლოდ 1 დასაქმებული მიიღებს," - აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.

დღის ამბები