"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, პოლიტიკური ოპონენტის მიმართ პირად განწყობას ქვეყნის ინტერესებს ნუ გადააყოლებს. მისივე თქმით, უკრაინის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა არც ერთი ქართული პარტიის საქმე არ არის.
"უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო აბსურდულად და სამარცხვინოდ წარმოჩინდა "ქართული ოცნების" ისტერიკა ამ დანიშვნასთან დაკავშირებით. ზოგადად, არც ერთი აქაური პარტიის საქმე არ არის ვის დანიშნავს, რა თანამდებობაზე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო უკრაინა. მინდა, ჩვენს მეგობარ ქვეყანას ვუსურვო წარმატება როგორც რეფორმების გზაზე, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ხოლო "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ, ჩვენი ქვეყნების ინტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს პოლიტიკური ოპონენტისადმი ბოღმას,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში კონსულტაციებისთვის იბარებს.