წერილს, რომელშიც ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტს მიღებული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს, გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილის, გიორგი გახარიასა და არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ წერილში ყურადღებას ოპოზიციონერი ლიდერების საქმეებზე ამახვილებს.
"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარის განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებას კარგად ასახავს:
"ეს განცხადება ძალიან კარგად ასახავს ზოგად დამოკიდებულებას, რომელიც არის საერთაშორისო თანამეგობრობაში ამ შეთანხმებასთან და ზოგადად პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, რაც არის საქართველოში, ამ წერილში კარგადაა წარმოჩენილი, რომ თუ არ მოხდება ამ შეთანხმების დაცვა ორივე ნაწილში და განსაკუთრებით საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე და კონკრეტულად მითითებულია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საქმეები, მაშინ რა თქმა უნდა დამოკიდებულება იქნება გართულებული," - განაცხადა გიგი წერეთელმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილია აცხადებს, რომ ევროპარლამენტარის წერილმა დაადასტურა ის, რომ არსებული შეთანხმების ნაწილი ნამდვილად იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა. შეთანხმების ამ ნაწილის შეუსრულებლობის შემთხვევაში ენმ საარჩევნო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებს. სალომე სამადაშვილის თქმით, ეს ქვეყანას უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანს:
"კუბილიუსმა დაადასტურა რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ეს იყო ინტეგრალური ნაწილი შეთანხმების და ამისი შესრულების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ვისაუბროთ რაიმე სახის პროგრესზე შეთანხმებაში და ქვეყანა შევა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ არანაირ გადაწყვეტილებებს თუ არ შესრულდება პირობა რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.