უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის საკითხს უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან შეცდომაა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში გატარებული საკადრო პოლიტიკის ცვლილებები მხოლოდ უკრაინას და უკრაინაში მცხოვრებ მოსახლეობას ეხება.
"ჩვენ საქართველოსთან და საქართველოს ხალხთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, არანაირი კონსულტაციის მიზნით არ ვაპირებთ ჩვენი ელჩის უკრაინაში გამოწვევას.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის ქართული მხარის შეცდომა. მგონია, რომ კონსულტაციების შემდგომ ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერი ქვეყნის საკადრო პოლიტიკა ეხება იმ ქვეყანას და იმ ხალხს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.