18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
მოლაპარაკებების საგანი ვერ იქნებოდა საქართველოს მართლმსაჯულების ან პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა -თეა წულუკიანი

დგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება, რომელსაც რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციები, ოპოზიციის ბოიკოტი, პარლამენტის შენობის დაბოქლომება და მოლაპარაკებების არაერთი რაუნდი უძღოდა წინ.

შეთანხმებამ უნდა განსაზღვროს, როგორ ჩატარდება ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები, რომლამდეც სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმების დროს პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა.

"რა თქმა უნდა ვერ მოხდებოდა არარსებულ პოლიტიკურ პატიმრებთან რაიმე ტიპის შეთანხმება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების შედეგად გამოიცა წერილობითი დოკუმენტი, სადაც არავითარ პატიმართა გათავისუფლებაზე საუბარი ასევე არ არის. დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თხოვნით მიმართა ელჩებს, რათა მათ დაადასტურონ ის რეალობა, რომ მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საქართველოს მართლმსაჯულების ან პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ისევ ურთიერთბრალდებების საბაბია. მმართველი გუნდის განცხადებით, შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია.

დღის ამბები