18 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს მანდატი ეს კონკრეტული ადამიანები გაათავისუფლოს ციხიდან არის პრეზიდენტი - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი კონკრეტული ადამიანების ციხიდან გათავისუფლებაც იყო. მისი განმარტებით, მთავრობას და პარლამენტს ამის არანაირი ბერკეტი არ აქვს და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია, პრეზიდენტია. 

"ეს შეთანხმება გამოტანილ იქნა საჯაროდ და საზოგადოებამაც იხილა. არის ოპოზიცია, რომელიც ცრუობს და ამბობს, რომ თითქოს შეთანხმების ნაწილი იყო, ასევე იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომელთაც გარკვეული დანაშაული აქვთ ჩადენილი და ეს სიმართლეს არ შეესაბამება. იმიტომ, რომ ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა და ბერკეტი ვერ ექნებოდა იმისა, რომ ეს კონკრეტული ადამიანები გაათავისუფლოს ციხიდან. ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს ამის შესაძლებობა და მანდატი, ეს არის პრეზიდენტი,"- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს. 

ამასთან, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი, შესაძლოა, პრეზიდენტის შეწყალება გახდეს. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული პირებიდან ორის - გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება, რადგან მათ სასამართლომ სასჯელი უკვე მიუსაჯა. 

დღის ამბები