18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
ვინ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს - პრემიერი დარწმუნებულია, რომ ცვლილებები შედგება

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლის საკონსტიტუციო ინიციატივას, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები მთავრობისგან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვენ, რაც გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლებაში უნდა გამოიხატოს. წინააღმდე შემთხვევაში, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

პოლიტიკური სპეკულაცია და საარჩევნო სისტემის უცვლელად დატოვების სურვილი - ასე აფასებს ოპონენტების განცხადებას ირაკლი კობახიძე. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცვლილებების მისაღებად, ამჯერად, მზადაა. კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას გაერთიანებულ ოპოზიციას აკისრებს.

საარჩევნო სისტემის გარდაქმნისთვის ხმის მიცემას, ოპოზიციონერი კოლეგების ნაწილისგან განსხვავებით, გეგმავს დამოუკიდებელ დეპუტატთა უმრავლესობა. ცვლილებათა პაკეტს პარლამენტში სავარაუდოდ ფრაქცია "პატრიოტებისა"და "დამოუკიდებელი დეპუტატების" მხარდაჭერაც ექნება. ოპონენტები დღეს ხელისუფლებასა და გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილს შეთანხმებულ მოქმედებაში ადანაშაულებდნენ. მათი განცხადებით, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციის 27-კაციანი დეპუტატციის ბოიკოტის მიუხედავადაც შესაძლებელია.

საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება - ასე უპასუხა ოპონენტებს დღეს პრემიერ-მინისტრმა. გახარია მიიჩნევს, რომ საერთო შეთანხმების კონსტიტუციაში ასახვა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

საარჩევნო სისტემის პორპორციულთან მიახლოებულ 120/30-ზე პრინციპზე გადასაყვანად პარლამენტში 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამ ეტაპზე "ქართული ოცნება" 93 მანდატს ფლობს, 27 მანდატი აქვს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართვეელოს". მათი ბოიკოტის შემთხვევაში, ცვლილებების მისაღებად ოცნებას დარჩენილი 30 დეპუტატიდან 20-ს მხარდაჭერაც ყოფნის.

დღის ამბები