თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულიად მოწესრიგდება და განახლდება. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა:
"ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მართლა შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოწესრიგებას," - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ე.წ ყვითელი ავტობუსები წლის ბოლომდე სრულიად განახლდება, ასევე აუცილებლად მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლებაც.
"წლის ბოლომდე მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები, რომელმაც ყველანაირი რესურსი ამოწურა და თბილისს ეყოლება განახლებული, ახალი, ევრო-6-ის ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები.
ამ რეფორმაში გვეხმარება აზიის განვითარების ბანკი, რომელიც ამუშავებს მთელი ქალაქის მასშტაბით სატრანსპორტო გეგმას, გარდა ამისა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები გვქონდეს შემუშავებული. სატრანსპორტო გეგმა აგვისტოში უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა არსებული რეალობის გათვალისწინებით წლის ბოლომდე გადაიწევს.
გარდა ამისა, მიკროავტობუსების ჩანაცვლებაზე გადაწყვეტილება მიღებული იყო და ტენდერი ფაქტიურად გამოცხადებული, თუმცა ამ სიტუაციის გამო დროებით შევაჩერეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ არ განხორციელდება, აუცილებლად განახლდება და მიკროავტობუსებიც იქნება განახლებული და მოწესრიგებული," - განაცხადა კახა კალაძემ.