ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უნგრეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, ასევე ტურისტულ სფეროში უსაფრთხო სტანდარტების დანერგვისა და ორმხრივი მწვანე დერეფნის ჩამოყალიბების მიმართულებით.
უნგრეთის ელჩი იმ ნაბიჯებით დაინტერესდა, რომელიც საქართველომ ტურისტულ სექტორში პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით გადადგა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის ტურისტული ნაკადები მალე აღდგება.
"ვემზადებით აქტიურად ტურისტული სეზონის გახსნისთვის 1 ივლისიდან. უნგრეთი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ის სახელმწიფო, საიდანაც პირველი ვიზიტორები ჩვენთან შეიძლება ჩამოვიდნენ, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ჩვენ გვყავს "ვიზეარი", უნგრული კომპანია, რომელიც დაფრინავს მთელს მსოფლიოში, მაგრამ აქვს მზადყოფნა, რომ სწორედ უნგრეთიდან დაიწყოს ტურისტების შემოყვანა. შევხვდი უნგრეთის სრულუფლებიან ელჩს და მან დაადასტურა ის დიდი სურვილი, რასაც გამოხატავენ უნგრეთის მოქალაქეები, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.