18 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
ფინანსთა მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად გამოყოფილი ფინანსური რესურსების მიღებას განაგრძობს. დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ.

ხელშეკრულებები ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

"ხელშეკრულება 190 მილიონი ევროს წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ საქართველოს ბიუჯეტში ჩაირიცხება. 70 მილიონი ევრო არის სოციალური კეთილდღეობის პროგრამისთვის, ხოლო ენერგეტიკის სექტორის რეფორმების ფარგლებში ხელი მოეწერა 120 მილიონი ევროს ოდენობით სასესხო შეთანხმებას,"- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. 

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი საქართველოს ხელშეკრულებებზე ხელმოწერას ულოცავს და გამოთქვამს სურვილს, რომ მომავალში დახმარების სხვა პროგრამებიც შემუშავდეს.

"მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას ამ ხელშეკრულებებზე ხელმოწერა. ეს არის გადაუდებელი პაკეტი, მაგრამ ასევე, გვაქვს სურვილი, მომავალში დახმარების სხვა პროგრამებიც იყოს შემუშავებული მეტი სოლიდარობისთვის, მეტი ეკონომიკური განვითარებისათვის, ასევე, მაგალითად, ჰოსპიტალების აღჭურვისათვის. საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ამ ეტაპზე მაღალ საფეხურზეა და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია,"- აღნიშნავს საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.

დღის ამბები