18 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
თინა ბოკუჩავას თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეერთება იგეგმება

სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს არაერთგვაროვანი კომენტარები გაკეთდა.

საპარლამენტო უმცირესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან არის კომპენსაცია ციხელაშვილის მისამართით, ვინაიდან იგეგმება სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება და მისი საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტად შერწყმა.

"მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებები, მათ შორის დიპლომატიურ თანამდებობებზე მიიღება არა კონკრეტული ადამიანების კომპეტენციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, არამედ პირადი ლოიალობიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილთან და ამ შემთხვევაში, ასევე, შესაძლებელია იმისთვის, რომ დუმილი შეინარჩუნოს ქეთევან ციხელაშვილმა და თუნდაც, არ გააპროტესტოს ის ფაქტი, რომ ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აპარატის შერწყმა, რაც შესაძლებელია ბევრმა აღიქვას, როგორც ამ უწყების დაკნინება," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ქეთევან ციხელაშვილის ელჩად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე იქნა მიღებული.

"ელჩობას რაც შეეხება, ეს, ალბათ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ ქეთი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, არის პოლიტიკური თანამდებობის პირი დღეს და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში და როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე იქნა მიღებული მისი დანიშვნის შესახებ. რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებას თუ შეერთებას, ამაზე ჯერ ინფორმაცია არ მოგვისმენია, ამიტომ ნაადრევი იქნება კომენტარის გაკეთება. არგუმენტები უნდა მოვისმინოთ პირველ რიგში, რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ის მუშაობას ავსტრიაში ელჩად და ასევე, ელჩად ეუთო-ში აგრძელებს. ქეთევან ციხელაშვილი დავით დონდუას ჩაანაცვლებს. 

დღის ამბები