ხელისუფლებაში ინფორმაციას, რომ იგეგმება სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შერწყმა, არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ქეთევან ციხელაშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი, რომლის გამოცდილებაც ახლა ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე სჭირდება.
"ქეთევან ციხელაშვილი არის ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი, ყოვლად განსწავლული და პროფესიონალი კადრი. როგორ შეიძლება მისი დანიშვნა დაუკავშირო რაღაცის კომპენსაციას, თუ შინაგანად არ ხარ განწყობილი, რომ ყველა თემასთან დაკავშირებით გქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება.
იყო შერწყმაზეც საუბარი და სხვა ვარიაციაზეც, მაგრამ კონკრეტული, ჯერჯერობით, არაფერი არის. მე არ ვფიქრობ, რომ შერწყმა გამართლებული იქნება ამ ეტაპზე," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ის მუშაობას ელჩად ავსტრიაში და ეუთო-ში გააგრძელებს.
ოპოზიციაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქეთევან ციხელაშვილისადმი ერთგვარ კომპენსაციად აფასებდნენ, ვინაიდან მათი თქმით, სახელმწიფო აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეერთება იგეგმება.