18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
შერიგების ყოფილი მინისტრი ავსტრიაში საქართველოს ელჩი ხდება - ვინ შეცვლის ქეთევან ციხელაშვილს და შესაძლოა თუ არა რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტი საერთოდ გაუქმდეს

ქეთევან ციხელაშვილმა "კურიერთან" დღეს, ავსტრიაში ელჩად დანიშვნის გადაწყვეტილება პირველად დაადასტურა. სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში აცხადებს, რომ მოვალეობას 15 ივნისამდე შეასრულებს, რის შემდეგაც თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს და საქმიანობას დიპლომატის რანგში გააგრძელებს. ციხელაშვილი პრემიერის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს საჭიროებებიდან გამომდინარე იმოქმედებს. "კურიერის" ინფორმაციით, მის შემცვლელად - მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი განიხილება. მოქმედმა მინისტრმა ამაზე საუბარი დღეს არ ისურვა.

ინფორმაცია ქეთევან ციხელაშვილის ავსტრიასა და ეუთოში ელჩად დანიშვნის შესახებ, კომენტარი დღეს დავით ზალკალიანმა გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ციხელაშვილის გარდა, ვიქტორ დოლიძისა და ალექსანდრე მაისურაძის როტაციის პრინციპით შეცვლაზეც ისაუბრა. ამიერიდან დოლიძე საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში, მაისურაძე კი ჟენევაში წარმოადგენს. ზალკალიანის განმარტებით, სამივე ელჩი საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილებით გამოირჩევა.

ოპოზიცის ნაწილი ფიქრობს, რომ ციხელაშვილის ეუთოში გაგზავნა შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესაძლო გაუქმება უკავშირდება. "ოცნების" ყოფილი თანაგუნდელები კი მოქმედი მინისტრის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.

ოპონენტების მოსაზრებას არ იზიარებენ მმართველ პარტიაში. გია ვოლსკის განცხადებით, მინისტრის აპარატის შესაძლო გაუქმების ინიციატივას ის მხარს არ დაუჭერს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ გუნდს მინისტრობის ახალი კანდიდატი ჯერ შერჩეული არ ყავს.

ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს 2016 წლის აგვისტოდან იკავებდა. შეცვლის თუ არა, მას მისივე მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე -ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდეს.

დღის ამბები