18 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში დღეს ოპოზიციის მოთხოვნით მიდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში დღესაც მივა. ამჯერად გიორგი გახარია კანონმდებლების წინაშე ინტერპელაციის წესით, ოპოზიციის მოთხოვნით მიდის. ოპონენტების მთავარი კითხვები ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმას შეეხება.

"რატომ არის ქვეყანაში სიღატაკე, რატომ არის ეკონომიკური კრიზისი, რატომ არის რომ არავითარი გეგმა არ გააჩნია ხელისუფლებას ამ უმძიმესი ვითარებიდან გამოსვლისა და და სად არის ამ ვითარებაში იმ დახმარებების თუნდაც მწირი დანაპირების პაკეტი, რომელსაც ხელისუფლება თვეებია ამბობს და დღემდე არავის მიუღია," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პრემიერისთვის დასასმელ კითხვებთან დაკავშირებით.

"ევროპული საქართველოს" კითხვებიც ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის ამოქაჩვას შეეხება:

"დღეს "ევროპულ საქართველოს" აქვს ინტერპელაცია პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვაპირებთ, რომ მას დავუსვათ კითხვები ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, რაც გულისხმობს გადასახადების შემცირებას, მოსახლეობისთვის საპენსიო დანაზოგების დაბრუნებას, ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას, ინფრასტრუქტურული ხარჯების შეკვეცას და ქვეყნის ეკონომიკის დროულად ამოქაჩვას, იმისთვის რომ მალე წავიდეთ წინ, რაც არ გულისხმობს იმ უაზრო ზომებს, რომელიც მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა დაგვიანებით შესთავაზა მოსახლეობას," - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

უმრავლესობა მიიჩნევს რომ მთავრობის მეთაურმა უკვე ყველა კითხვას უპასუხა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ დღეს ოპოზიცია რევანშის აღებას შეეცდება

"მგონია რომ დღეს ნაცმოძრაობა შეეცდება რომ გარკვეული რევანში აიღოს, თუმცა პრემიერის მოსვლა კარგია იგი მესამედ კიდევ მოვა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშისთვის, პრობლემები ძალიან ბევრი მაგრამ ასეთ ვითარებაში შედეგები გვიჩვენებს რომ საქმიანობა, რომელიც მთელმა სამთავრობო გუნდმა გაწია, იყო ეფექტური," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ პრემიერმა პარლამენტში სამი თვის ანგარიში წარადგინა, პლენარული სხდომა 11 საათიანი ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.

 

  

დღის ამბები