უნებართვო მშენებლობები, ზონალური შეთანხმების დარღვევა და კოეფიციენტის გაცემა მოსაკრებლის გარეშე - ეს ბათუმის მერიის საქმიანობაში აღმოჩენილი ძირითადი დარღვევების ჩამონათვალია, რომელზეც აუდიტის სამსახური წერს. მაკონტროლებელი ორგანოს ანგარიში მერიის 2016-18 წლების საქმიანობას მოიცავს.
აუდიტის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ორი წლის განმავლობაში ხიმშიაშვილის, რუსთაველის, აბუსერიძისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე განხორციელდა მრავალსართულიანი კორპუსების უნებართვო მშენებლობა. თუმცა მერიამ სანქციების ნაცვლად ნებართვა, დასრულებულ ნაგებობებზე გასცა. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, უკონტროლო მშენებლობების ტენდენცია საზღვაო ქალაქში წლებია გრძელდება. სპეციალისტები ბათუმის არქიტექტურული იერსახის გაქრობის საფრთხეებზე საუბრობენ.
აუდიტის დასკვნა, კორუფციისა და სახელმწიფო საკუთრების გაფლანგვის დასტურია ადგილობრივი ოპოზიციისათვის. ოპონენტები, 245 ათასი ლარის საბიუჯეტო ზარალის გამო, რომელიც სამშენებლო კოეფიციენტის გაცემისთვის ქალაქის შემოსავლებში უნდა ასახულიყო, გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ქალაქის მერს აკისრებს.
აუდიტის ანგარიშზე დღეს, კომენტარი ლაშა კომახიძემ არ გააკეთა. ბათუმის მერის მსგავსად მედიასთან განმარტებებისგან თავი შეიკავეს ქალაქის საკრებულოს უმრავლესობაშიც. სამშენებლო კუთხით არსებულ პრობლემებს არ უარყოფს ბათუმის ვიცე-მერი. თუმცა ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ამ საკითხზე მუნიციპალური მონიტორინგის სამსახურს არ ეკისრება. ჯაბა ტუღუშის განცხადებით, დასკვნაში ნახსენებ მშენებლობებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
2016-2018 წლებში ბათუმში 2984 სამშენებლო ნებართვა გაიცა. საიდანაც აუდიტის სამსახურმა 1600-ზე მეტის დოკუმენტაცია შეისწავლა. დაინტერესდება, თუ არა პროკურატურა ბათუმში მიმდინარე სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. დასკვნა საგამოძიებო უწყებაში უკვე გადაგზავნილია.