პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არის გლობალური გამოწვევა, მთავრობამ თავისი გასაკეთებელი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გააკეთოს.
გიორგი გახარიამ დღეს პოსტკრიზისული ეკონომიკური სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა მის სამუშაო ვარიანტს დასრულებისთანავე წარმოადგენს.
"ჩვენ მოქალაქეებს დღეს კრიზისიდან გამომდინარე უჭირთ. ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი. ბევრ ადამიანს უბრალოდ შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გლობალური პანდემია, რა თქმა უნდა ეს არის გლობალურ-ეკონომიკური კრიზისი და შეუძლებელია ცალკე აღებული პატარა სახელმწიფო მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად.
პოსტ-კრიზისული ეკონომიკური სტრატეგია, ეს არის სხვა ისტორია. ამას სჭირდება სხვა დონის მუშაობა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის წევრები ჩართული არიან იმ პლატფორმებში, რომელიც ჩვენ შევქმენით.
ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან სტრატეგიაზე და ჩვენთან ერთად მუშაობენ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის საუკეთესო მეცნიერები. ასევე დელოიდის ნიუ-იორკის ოფისის ანალიტიკოსები. ჩვენს ამ გეგმას დასრულებისთანავე, პირველ სამუშაო ვარიანტს გამოვიტანთ განსახილველად. ეს არის გეგმა, რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას პოსტ-პანდემიურ ეკონომიკაში, რომლის კონტურები ჯერ არც თუ ისე კარგადაა ცნობილი, გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და ეფექტური. ჩვენ გვაქვს დაახლოებით ერთი თვე იმისთვის, რომ ამ გეგმის პირველი მონახაზი გვქონდეს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.