18 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული - გიორგი გახარია გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე

"ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული" - ასე ეხმაურება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გაბუნიას დაგეგმილ, დაკვეთილ მკვლელობას. გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მაქსიმალურად სწრაფად იყოს გამოძიებული და საქმის შესახებ ინფორმაცია ღიად მიეწოდოს საზოგადოებას. პრემიერი ამბობს იმასაც, რომ ახლა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ყველა შეეცდება საკითხის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. – ეს განცხადებები პრემიერმა პირველი არხის ეთერში გააკეთა.

"ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში, სამართალდამცველი სისტემის უპირველესი მოვალეობაა, ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფად გამოძიებული და შესაბამისად, ეს ინფორმაცია, აბსოლუტურად ღიად, ტრანსპარენტულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ მძიმე დანაშაულს კი არა, ბევრად უფრო მარტივ შემთხვევებს ჩვენთან მოჰყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი. გასაგებია, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება, ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო პოლიტიკური კორპორატიული ინტერესებისთვის. თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ შესაძლებელია, რომ ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი ის, რაც მოხდა და რა აღკვეთა სამართალდამცავმა სისტემამ. ვფიქრობ უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ სამართალდამცავ სისტემას შესაძლებლობა, საქმე სრულყოფილად, უსწრაფეს დროში გამოიძიოს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები