18 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა

ევროპარლამენტმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა - ევროპელი დეპუტატები ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებენ, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია შესთავაზოს. დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, წარმოადგინოს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პოლიტიკის მომავალზე ორიენტირებული ხედვა, რომელიც ათ წელზე იქნება გათვლილი. ასევე, ურჩევენ საბჭოს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან თანამშრომლობის ამბიციური დღის წესრიგი იყოს შემუშავებული.

რეზოლუციას გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს დადებითად აფასებენ. ოპოზიცია მას საქართველოს მეგობრების მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოხატულებად მიიჩნევს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიღწევების აღიარებაა:

"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის თქმით, ეს რეზოლუცია ნიშნავს, რომ საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ევროპარლამენტარი კუბილიუსი, კვლავ ქვეყნის გვერდით დგანან.

გაწევრიანების პროცესისთვის კონკრეტული მუშაობის დაწყების მნიშვნელობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე და ამ კონტექსტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

"ეს დამოკიდებული იქნება წელს ჩატარებულ არჩევნებზე, რამდენად თუნდაც მინიმალური სტანდარტით იქნება შესაბამისი ევროპულ სტანდარტებთან,"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ვიცესპიკერი კახა კუჭავა ევროპარლამენტის რეზოლუციას იმ მიღწევების აღიარებად აფასებს, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს აქვს.

პრემიერის პრესსპიკერის შეფასებით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა, მიეღო ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთეები, როგორიცაა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა.

"ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ევროპარლამენტარები და ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურები თანხმდებიან იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად ამბიციური გეგმები იმისთვის, რომ შემდგომი ათწლეულებიც იყოს ასეთივე წარმატებული.  ხელისუფლების მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს ეკონომიკურად და გაზარდოს ის შესაძლებლობები, რომელიც ლოგისტიკურად მარტივად დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირთან და შესაბამისად, კიდევ უფრო გაუადვილებს წვდომას ევროპულ ბაზრებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალ თაობებზე," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები