დღეს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის მიღება. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის განგრძობით პროცესზე. საბჭოს მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
"ყურადღება გამახვილდება საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელებაზე. რაც შეეხება თავად რეზოლუციას - ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რეზოლუციაში ცალსახადაა გამოთქმული მიუღებლობა იმ მდგომარეობისა, რაც არის შექმნილი ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ,"- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორმა მარიამ ნარჩემაშვილმა.
აღნიშნული რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება და იგი ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას.