18 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი ინიციატივით არ დატოვა

ანა დოლიძის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვებას ნაზი ჯანეზაშვილი ეხმაურება. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ დოლიძის გადადგომით აბსოლუტურად ყველაფერი დადასტურდა, რასაც ნაზი ჯანეზაშვილი ამბობდა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ დოლიძემ ეგ ნაბიჯი თავის დროზე საკუთარი ინიციატივით არ გადადგა და სხვების მითითება გახდა საჭირო.

"ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვამბობდი, ხოლო მისი მხრიდან იმის მტკიცება, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, იყო თვალთმაქცობა.

სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი თავის დროზე საკუთარი ინიციატივით არ გადადგა და საჭირო გახდა სხვების მითითება. პოლიტიკაში წასვლა მისი არჩევანია და მას ამის სრული უფლება აქვს, უბრალოდ საბჭოს წევრობასთან მისი საქმიანობა ამდენი ხნის განმავლობაში იყო შეუთავსებელი და კანონდარღვევა.

ანა დოლიძე ისე წავიდა საბჭოდან, რომ კითხვას მისი დაფინანსების შესახებ არ უპასუხა.

სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან, იმედი მაქვს ჩვენ ამას შევძლებთ," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის.

დღის ამბები