ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით მიღება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" საზოგადოების მოთხოვნებს სრულად გაითვალისწინებს.
კინზინგერმა აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს. მისივე თქმით, კოგრესმენმა აღნიშნა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
"მინდა მივულოცო ქართველ ხალხს მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით მიღება, იმედი მაქვს, "ქართული ოცნება" საზოგადოების მოთხოვნებს სრულად გაითვალისწინებს.
არ შემიძლია ვისაუბრო 8 მარტის შეთანხმების დეტალებზე, თუმცა მხარეებმა დოკუმენტში არსებულ მოთხოვნებზე ხელი მოაწერეს, რომ აუცილებლად შესრულდებოდა, შესაბამისად, დოკუმენტის თითოეული ნაწილი უნდა აღსრულდეს.
ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან მრავალგზის აღინიშნა, ჩვენი საელჩოს წარმომადგენლობა პროცესის მსვლელობაში აქტიურად მონაწილეობს.
გულახდილად რომ გითხრათ, ახლა საქართველო და შეერთებული შტატების თანამშრომლობა ყველაზე ძლიერია, თქვენი ქვეყანა სულ უფრო უახლოვდება ნატოს, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა მტკიცეა და ვიმედოვნებთ, ასე გაგრძელდება, ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ და მჭიდრო ალიანსი გაგვაჩნია,"-აღნიშნავს კონგრესმენი.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დღეს დაუჭირა.
ცვლილებებს 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.
კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია "ნაციონალურ მოძრაობას," მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა "ევროპული საქართველო", რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.