18 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
პანდემიის ეკონომიკური ეფექტი - რა ზარალს ნახავს მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკა

პანდემიის გამოცხადებიდან ოთხი თვის შემდეგ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები მსოფლიოში ყველაზე დაზარალებულ დარგებს ასახელებენ. მომსახურების სექტორი - კვება, სასტუმროები და ტურიზმი - ეს იმ ბიზნესსაქმიანობების ჩამონათვალია, რომელთა მეხუთედი საქმიანობას თითქმის სრულად წყვეტს. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა წელს რამდენიმე ტრილიონ დოლარს იზარალებს.

ვირუსისგან გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური გარდაქმნა საქართველოზე უკვე აისახა. ტურიზმის სექტორი, რომელსაც ქვეყანაში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი შემოჰქონდა, დღეს, ფაქტობრივად, გაჩერებულია. ტურიზმის ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბაზარზე არსებული კომპანიების გადასარჩენად მნიშვნელოვანია, სამთავრობო სუბსიდირების პროგრამა დროულად ამოქმედდეს.

ჩაკეტილმა საზღვრებმა და სამი თვით დაპაუზებულმა საქმიანობამ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა სასტუმროების ბიზნესიც. შიდა ტურიზმის ამოქმედების მიუხედავად, სასტუმროს მეპატრონეების ნაწილი ვიზიტორების რიცხვის 35%-იან შემცირებაზე საუბრობენ. სექტორი გადარჩენისთვის ვირუსზე ადაპტირებული გაყიდვების არხების შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.

ბაზარზე არსებული რესტორნების განახევრებას პროგნოზირებენ სარესტორნო ასოციაციაში. ბიზნესის წარმომადგენლები სფეროს გადასარჩენად ხელისუფლების მხრიდან სუბსიდირების დროულ ამოქმედებას ითხოვენ.

საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია და მეორე ტალღის მოლოდინში ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება - ის მთავარი ფაქტორებია, რომლებმაც, დარგის ექსპერტების აზრით, ქვეყნის ეკონომიკური დინამიკა უნდა დაასტაბილუროს. ეკონომისტები ხელისუფლებას საერთაშორისო გრანტების რაციონალური გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

რა უარყოფით გავლენას მოახდენს მსოფლიო და ქართულ ეკონომიკაზე COVID-19, რეალურად დათვლადი წლის მიწურულს გახდება. ეპიდემიოლოგების ნაწილი არ გამორიცხავს ვირუსის მეორე ტალღას, რამაც შესაძლოა დეკემბრისთვის ყველა გლობალური ეკონომიკური პროგნოზი შეცვალოს.

დღის ამბები