"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "უსინდისო ტყუილში" დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ ელისაშვილი "ევროპული საქართველოს" ლიდერებს თავად შეხვდა და მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძის ჩანაცვლება საკუთარი კანდიდატით, ლევან იოსელიანით სურდა.
ბოკერიამ ხაზი გაუსვა, რომ "ქართული ოცნების" დამარცხებისთვის აუცილებელია, კოალიციაში შეხვიდე მათთანაც კი, ვინც არ მოგწონს.
"თვითონ შეგვხვდა და ითხოვდა ორ ადგილს თბილისში. ჩვენ გვინდა, რომ მთელი სპექტრი იყოს კოორდინაციაში, ეს გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. რომ არ მოგვწონს ერთმანეთი, ეს გასაგებია, მაშინ ერთ პარტიაში ვიქნებოდით. მაგრამ, არ შეიძლება ისეთი უსინდისო იყო, რომ თუ ვერ მიიღებ იმას, რაც გინდა, ვაჭრობაში (როგორც თვითონ უწოდებს, მე ვაჭრობას არ ვეძახი, ნორმალურ მოლაპარაკებას ვეძახი) და ითხოვ სუსტ კანდიდატს, იოსელიანს ძლიერი კანდიდატის, შალვა შავგულიძის ნაცვლად. იოსელიანს, ვინც 6% აიღო, 5-ჯერ ნაკლები. მერე არგუმენტი რომ არ გაქვს, გამოდიხარ და ტალახს ესვრი ერთ-ერთ ყველაზე წესიერ კაცს ქართულ პოლიტიკაში - შალვა შავგულიძეს და იძახი, რომ ვაჭრობაში არ მივიღებ მონაწილეობას, როცა გუშინ იღებდი, ოღონდ მეტს ითხოვდი, ცუდი საქციელია, უსინდისო ტყუილია, არ შეიძლება ასეთ ხალხზე დაყრდნობა. არ შეიძლება ისეთი უწესო იყო, მოლაპარაკებებში მონაწილეობდე, მერე ვერ მიიღო ბოლომდე რაც გინდა და ამაზე გაბრაზებულმა ყველა მონათლო ვაჭრობაში ბინძურებად და მოატყუო საზოგადოება, როდესაც გუშინ ჩემთან, დათო ბაქრაძესთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებში იყო. მეორე საკითხია კიდევ - თუ ამბობ, რომ ვინც არ მოგწონს, იმასთან კოალიციაში არ შეხვალ, მაშინ როგორ უნდა დაამარცხო ივანიშვილი, რას აკეთებ, ტოვებ ივანიშვილს ხელისუფლებაში?!"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი გიგა ბოკერიას განცხადებებს Facebook პოსტით გამოეხმაურა და ვაჭრობაში თავად დასდო ბრალი.
იქამდე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში "ევროპული საქართველოს" ლიდერები, კერძოდ, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია ალეკო ელისაშვილს პოლიტიკურ ვაჭრობაში სდებენ ბრალს. ისინი აცხადებენ, რომ ელისაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას თბილისის მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით თავისი პარტიისთვის 2 ადგილს "ევაჭრებოდა."