18 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
საქართველომ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, ელჩებს და ფასილიტატორებს ჩართულობისთვის და ყველა იმ დეპუტატს, ვინც ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უახლოეს 10 დღეში საქართველოს პარლამენტი მიიღებს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, სადაც გათვალისწინებული იქნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. მისივე თქმით, ამით ხელისუფლება სრულად შეასრულებს თავის მიერ აღებულ პირობას და უზრუნველყოფს დემოკრატიულ გამჭვირვალე და თავისუფალ საარჩევნო გარემოს. 

"დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველომ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებებს 117-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო - 3 წინააღმდეგი იყო.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები