18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენი ვალდებულება, რომ სრული მანდატი ჰქონდეს ინსპექციას - EMC

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ცვლილებებით დასაქმებულების უფლებები გარანტირებულად მაინც არ არის დაცული. დადებითად არის შეფასებული გარკვეული მიმართულებები, თუმცა სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ პაკეტი კვლავ არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ჭერს, არ გვთავაზობს ხელშეკრულების შეწყვეტის ამომწურავ საფუძვლებს, არ შემოაქვს სოლიდარული გაფიცვის თუ მამობის შვებულების უფლება, ძალაში ტოვებს დეკრეტული შვებულების უკიდურესად დაბალ ანაზღაურებას.

"როგორც ჩანს, პარლამენტმა მაინც დაუთმო ბიზნესს", - ასე აფასებს კანონპროექტს EMC-ის წარმომადგენელი, კოტე ერისთავი. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი "დღის კურიერში" აცხადებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ინსპექციის მანდატის გაზრდაა. მისივე განცხადებით, თუ ინსპექციის მანდატი არ გაიზრდება და იგივე ზეგანაკვეთური ანაზღაურების ტარიფი არ დადგინდება, ეს ყველა ჩანაწერი გაუფასურდება.

"მთავარი საკვანძო საკითხი აქ არის, რა თქმა უნდა, ინსპექციის მანდატის გაზრდა. რა ცვლილებებიც არ უნდა შევიტანოთ დღეს შრომის კოდექსში, დღეს მთავარი პრობლემა არის, რომ შრომის კოდექსის აღსრულება არის პრობლემა იმიტომ, რომ სასამართლო არის გადატვირთული, ბევრი არ მიმართავს სასამართლოს ხარჯების გამო, დროის გამო და ა.შ.

ინსპექციის გარეშე რაც არ უნდა ჩავწეროთ დღეს შრომის კოდექსში, ისევ ისე ფურცელზე დარჩება, როგორც ბევრი ჩანაწერი არის დღეს ფურცელზე სამწუხაროდ.

კანონის ავტორი თავისთავად მომხრე არის ამ ჩანაწერის, თუმცა რაღაცა პროცესი მიდის ჩვენს მიღმა იმ პატივცემული ბიზნესის წარმომადგენლების მეცადინეობით,"- განაცხადა კოტე ერისთავმა.

კოტე ერისთავი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კანონპროექტის მომზადების დროს კარგად უნდა გათვალონ პოზიტიური და ნეგატიური გავლენები ბიზნესზე, ვინაიდან შესაძლოა ფულად ერთეულებში ნეგატიური შედეგი იყოს ასახული და ბიზნესს დამატებით ტვირთად დააწვეს.

EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი კი მიიჩნევს, რომ ის ხარჯი, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ახსენა, სინამდვილეში დასაქმებულის ჯიბეში უნდა მიდიოდეს და არა დამსაქმებლის.

"240 მილიონი, რომელიც ახსენა და რა ტიპის არგუმენტები აქვს ბიზნესს, ესეც უნდა გავითავისოთ, ხომ?! საუბარია, ზეგანაკვეთური მუშაობის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებაზე, 125%-ით, რომელიც ისედაც სასამართლოში რომ წავიდეს დღეს დაზარალებული მისცემენ, მინიმუმ 125% და 150-იც.

240 მილიონი, რომელსაც ახსენებენ ამ ინდუსტრიის ხარჯს, ეს არის ის 240 მილიონი, რომელიც ეკუთვნის დღეს დასაქმებულს. ეს 240 მილიონი უნდა მიდიოდეს დასაქმებულის ჯიბეში და მიდის დამსაქმებლის ჯიბეში.

ჩვენ გვთხოვს ბიზნესი, რომ შევისწავლოთ ეკონომიკური ეფექტი ამ კანონმდებლობის და რეალურად მიემართება მხოლოდ ამ ჩანაწერს იმიტომ, რომ ამაზე არის მთავარი აქცენტი ბიზნესის მხრიდან. ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსს რომ ვიხილავდი და ქურდობის ნორმა რომ არ გვქონდეს და ქურდობის აკრძალვა რომ შემოდიოდეს, ეს ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ იყოს ლეგიტიმური არგუმენტი, რომ ქურდობის აკრძალვას რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ეს გამოვიკვლიოთ? ეს წარმოუდგენელი რამეა.

ტერმინი არსებობს ასეთი "ხელფასის მოპარვა", დღეს რეალურად გვაქვს ხელფასის მოპარვა როგორც დაითვალეს და ძალიან კარგი, რომ ეს დაითვალეს და ჩვენ ეს არგუმენტი მოგვცეს, 240 მილიონი 3 ინდუსტრიაში იპარება დასაქმებულების ჯიბიდან. ამ თემაზე ეს არგუმენტი საერთოდ არ უნდა ჟღერდებოდეს პარლამენტის კედლებში და პარლამენტარებს უნდა ჰქონდეთ ამ არგუმენტზე ადეკვატური პასუხი, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავ.

რაც შეეხება ინსპექციის მანდატს, ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენი ვალდებულება, რომ სრული მანდატი ჰქონდეს ინსპექციას. ეს ყველაფერი, რაც აქ ვილაპარაკე, არის ძირითადი ბაზისული ვალდებულებები, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, არაფერი რევოლუციური აქ არ შემოდის, პირიქით.

ერთი საკვანძო რაც უნდა ვთქვა, ეს არის ის, რომ თუ ინსპექციის მანდატი არ გაიზრდება და იგივე ზეგანაკვეთური ანაზღაურების ტარიფი არ დადგინდება, ეს ყველა ჩანაწერი ერთის მხრივ გაუფასურდება და მეორეს მხრივ ის საკითხები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად აუარესებს მშრომელთა მდგომარეობას და არის სამწუხაროდ ამ კანონპროექტში ასეთი ჩანაწერებიც და ვიბრძვით ჩვენ, რომ ეს ჩანაწერები იქნეს შეცვლილი და ამოღებული, თუ ინსპექციის მანდატი არ გაიზრდება და ესენი დარჩება, მაშინ მივიღებთ არა რაღაცა რევოლუციურ ცვლილებას და არა გაუმჯობესებას, არამედ გაუარესებას," - აცხადებს კოტე ერისთავი.

დღის ამბები