18 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
საარჩევნო კოდექსის რეფორმას ოპოზიცია ფასადურს უწოდებს - მმართველი გუნდი ოპონენტებს საპასუხო ბრალდებას უყენებს

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა, საკანონდებლო ორგანო პროცესს დღესვე დაასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის ბოლომდე მესამე კენჭისყრაც ჩატარდება.

საკანონდებლო ცვლილებებს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრას, ისევე როგორც განხილვის პროცესს, არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია. საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, მათი ნაწილი ცვლილებებს ეწინააღმდეგება და აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები სამართლიან საარჩევნო გარემოს ვერ უზრუნველყოფს.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების მხრიდან რევანშის საფრთხე არსებობს, ამ დროს კი ხელისუფლება საარჩევნო კოდექსში ფასადური ცვლილებების შეტანითაა დაკავებული 

"კვოტებზე და რაღაცებზე ვსაუბრობთ? რეალური შანსია რევანშის და რას აკეთებთ თქვენ ამისთვის, რომ კვოტებით გინდათ გადალახოთ ეს პროცესი? ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ, სტანდარტით უნდა დავამთავროთ, სააკაშვილი უნდა დამთავრდეს სტანდარტით და მერე აქ ჩამოყვანით და ციხეში ჩასმით. როცა იქნება მორალური მთავრობა ვერასდროს ვეღარ გაბედავს ვანო მერაბიშვილი 130-კაციანი სუფრების გაკეთებას," - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ეს ცვლილებები ტექნიკურია და იმ მიზანს არ ემსახურება რაც არის დეკლარირებული, ამიტომ ის არც მხარდაჭერას აპირებს.

საარჩევნო კოდექსისთვის მხარდაჭერას არ აპირებს არც ირმა ინაშვილი:

"სიღრმისეულად ჩვენ სულ სხვა ხედვა გვაქვს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით,  ჩვენი მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს შევასრულეთ ჩვენი სიტყვა. ჩვენ სამწუხაროც მხარს ვერ დავუჭერთ ამ კოდექსს. მე მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და ვისურვო რომ ჩატარდეს სამართლიანი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას საარჩევნო კოდექსის რეფორმისთვის ხელისშეშლაში ადანაშაულებს:

"მეოთხე რეკომენდაცია ეხებოდა სიძულვილის ენას და ქსებოფობიას, იყო რეკომენდაცია, რომ მეტი სიცხადე ყოფილიყო ამ კუთხით საარჩევნო კოდექსში, ამ რეკომენდაციის შესრულების წინააღმდეგ წავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, შესაბამისად კიდევ ერთხელ ნახევრად ხუმრობით უნდა აღვნიშნო, რომ გაიმარჯვა სიძულვილმა და ქსენოფობიამ. 27-ვე რეკომენდაცია არის სათანადოდ გათვალისწინებული ეს არის იმის გარანტია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ბევრად უკეთეს გარემოში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები