18 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
მე ვიყავი თავდაცვის რეჟიმში მეც მაქვს დაზიანებები, ჯერჯერობით, ექსპერტიზაზე არ ვყოფილვარ - ოთარ სირაძე

ამბროლაურის პოლიციაში ოთარ სირაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორთან და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრთან კითხვები გამოძიებას ამბროლაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აქვს.

ოთარ სირაძე ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს და პროვოკაციაზე საუბრობს.

ოთარ სირაძე განმარტავს, რომ სუს-ის პროვოკაციის მსხვერპლი გახდა, თუმცა, მისივე თქმით, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

მისი თქმით, შესაძლოა დაზარალებულის სტატუსიც კი მიანიჭოს გამოძიებამ, რადგან სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

"რაც იყო გუშინ დაწყებული, როდესაც სუს-ის პროვოკატორები მოვიდნენ და დამიწყეს გინება, სწორედ ამ ფაქტს მოვყვები. მე ვიყავი თავდაცვის რეჟიმში, მეც მაქვს დაზიანებები. ჯერჯერობით ექსპერტიზაზე არ ვყოფილვარ,"- განაცხადა ოთარ სირაძემ.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძესა და რაჭაში, ამბროლაურში ერთ-ერთ აქტივისტს ნიკოლოზ ღლონტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ფიზიკურ დაპირისპირებას წინ კამათი უძღოდა.

დღის ამბები