ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის გაყინვასთან დაკავშირებით, თბილისში მწვავე შეფასებები მოჰყვა.
პოლიტიკოსებისთვის რთული გასახსენებელია თუ როდის მოხდა მსგავსი პრეცენდენტი წარსულში, სამაგიეროდ მარტივი წარმოსადგენია მათთვის ის თუ რატომ მოხდა ასე.
პოლიტიკოსები, ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლები, საუბრობენ იმ შეცდომების თაობაზე, რომელიც მმართველმა გუნდმა დაუსვა და რაც ამერიკის ყურადღების მიღმა ბუნებრივია არ დარჩენილა, თუმცა გარდა ამისა საუბრობენ იმ არასწორ გზავნილებზე და კომენტარებზე, რომელიც ამასთან ერთად მმართველ გუნდში კეთდებოდა და როდესაც ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ რიგითი კონგრესმენის შეფასებას ნაკლები დატვირთვა ჰქონდა და უფრო მეტად აქცენტს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე აკეთებდნენ.
თამარ ჩუგოშვილი საუბრობს, რომ ახლა კონგრესმენმა პრაქტიკულად ისრები სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გადაიტანა, ანუ სახელმწიფო მდივანზე, რომელსაც დაევალა, რომ ქვეყანაში არსებული დემოკრატია, კორუფციის დონე და გარდა ამისა სამართლიანი სასამართლო შეამოწმოს.
"ჩემი აზრით ეს არის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც ამბობდა, რომ არ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები რას იძახიან, მთავარია სახელმწიფო დეპარტამენტი და ახლა კონგრესიდან ისრები გადავიდა სახელმწიფო დეპარტამენტისკენ და შესაბამისად სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, რომ ანგარიში გააგზავნოს რა ხდება საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, სამართლიანი სასამართლოს კუთხით, ბიზნეს გარემოს კუთხით და ა.შ. ჩემი აზრით ეს ყველაფერი არის ძალით გამოწვეული ხელისუფლების წარმომადგენლების არაკომპეტენტური და არასწორი განცხადებებით და ნაბიჯებით. თვეებია ვეუბნებით ნუ აკეთებთ ამას იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მოჰყვება ცუდი გაგრძელება," – აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი.
რაც შეეხება ოპოზიციის სხვა ნაწილს, მათთვის ეს გზავნილები არის საკმაოდ ცხადი და ნათელი და ზოგმა ეს როგორც მუქარა, ზოგმა კი როგორც სანქცია აღიქვა.
"სამწუხაროდ ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყნის რეპუტაციის ისე შერყევა, რომ ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, წარმომადგენელთა პალატის განცხადებას ვგულისხმობ და იმ კანონპროექტს, რომელიც იქნა დღეს ცნობილი საზოგადოებისათვის. ის მოქმედებები, რომლებიც განახორციელა ჩვენმა ხელისუფლებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველომ მიიღო სამწუხაროდ, საფრთხე იმისა, რომ ჩვენ ვერ მივიღოთ შეერთებული შტატებიდან იმ ზომით დახმარება, რომელიც ჩვენ ასე სასიცოცხლოდ გვჭირდება," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი 30 წლიან ურთიერთობას აზიანებენ, რომელიც 2 სახელმწიფოს შორის არსებობს, რომლის განმავლობაშიც ამერიკა საკმაოდ ხელგაშლილი იყო საქართველოსთან მიმართებაში ყველა იმ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ეხება.
"შესაძლებელი არის სანქციებამდეც კი მივიდეს საქმე. ამაზე უკვე არავინ აღარ დაობს, ასე რომ ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს იმიტომ, რომ შესაძლებელი არის დაზარალდეს ის მონაპოვარი, რაც არის 30 წლიანი მონაპოვარი საქართველოსი - ურთიერთობა დასავლეთთან და შესაძლებელი არის ქვეყანამ მიიღოს ისეთი დიდი ზარალი ამ ყველაფრისგან, რომლისგანაც თავის დაღწევას რამდენიმე წელი დასჭირდება," - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ.
ამ ყველაფრის პარალელურად მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას ზარალი ამით არ ადგება და ნაკლებად ხედავენ იმის პერსპექტივას, რომ ეს ჯერ კიდევ სამუშაო კანონპროექტი საბოლოოდ იქნას მოწონებული და შესაბამისად ასახული კანონმდებლობით. ისინი უფრო მეტად აქცენტს ოპოზიციაზე აკეთებენ.
"ჩვენ როცა ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ როგორმე NATO-სთან ინტეგრაციის ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ როგორმე იქნება და ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და იქ დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს. "ფრონტერას" ხელწერაც იგრძნობა. ჯერ კიდევ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ სხვა კომიტეტებში და შემდეგ მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს რისი პერსპექტივაც პრაქტიკულად არ არსებობს, ასე რომ ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.