უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში წუხილს გამოთქვამენ, რომ კერძო პირის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უკრაინის სახელმწიფოს პასუხის გაცემა უწევს. განცხადება უწყების ხელმძღვანელმა დიმიტრი კულებამ გააკეთა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის მოქალაქე, რომელიც უფლებამოსილი არ არის სახელმწიფოს პოზიცია წარმოადგინოს, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე არჩევნების წინ, რაც იმით მთავრდება, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო უწყებაში იწვევენ და უკმაყოფილობას უფიქსირებენ სააკაშვილის განცხადებების გამო.
კულებას განცხადებით, უკრაინას ესმის საქართველოში არჩევნების წინ შექმნილი მგრძნობიარე სიტუაცია და ძალიან აფასებს მეგობრობას ქართველ პარტნიორებთან.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედს იტოვებს რომ კერძო პირის განცხადებები ვერ დაანგრევენ სახელმწიფოების ურთიერთობებს.
მანამდე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დიდი გეგმები აქვს როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, შემოდგომაზე კი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "გადამწყვეტი გარღვევისათვის" ემზადება. სააკაშვილის თქმით, რადაც არ უნდა დაუჯდეს "დაამთავრებს საქართველოს დამცირებას რუსეთის პროტეჟეს, ოლიგარქ ივანიშვილის მხრიდან და დააბრუნებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას განვითარების სწრაფ გზაზე".