პრეზიდენტი საკუთარმა განცხადებამ კრიტიკის ობიექტად კიდევ ერთხელ აქცია. პრეზიდენტის მიერ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დღეს დილით გაკეთებული განცხადება უკვე გახდა განსჯის საგანი და მწვავე შეფასებებიც მოჰყვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტის შეფასება ძალადობას ახალისებს.
პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს რა გამოწვევის წინაშეა დღეს ქვეყანა.
"ქალბატონ პრეზიდენტის მე კითხვას გავუგზავნი. ამ ერთი-ერთზე ჩხუბის დროს, რომ ადამიანის სიცოცხლის ტერმინაცია მოხდეს და რომელიმე მოჩხუბარი დაიღუპოს, ანუ ამას მიესალმება? არ მესმის უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტს არ ესმის მოსახლეობის და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების და მეორეს მხრივ, მოსახლეობასაც ძალიან გვიჭირს გავიგოთ მისი ნათქვამი რას გულისხმობს," - განაცხადა ლევან კობერიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ძალადობის წახალისება არ უნდა ისმოდეს.
"ძალიან უცნაური განცხადებაა, რბილად რომ ვთქვათ. ყველა მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი ყურადღება ეთმობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კეთდებოდეს განცხადება, რომელიც ზოგადად ნებისმიერი სახის ძალადობაზე, მარტო ჯგუფურს კი არა და ინდივიდუალურს ახალისებს, არამედ ნებისმიერი სახის ძალადობას," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ჩხუბი არც ერთ შემთხვევაში არ არის კარგი.
"ჩხუბი არც ერთ შემთხვევაში არ არის კარგი. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, მთავარია რომ სათანადო დროში და ეფექტიანად იყოს გამოძიებული ყველა სისხლის სამართლის საქმე. უშუალოდ არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ ზოგადად ჩემი პოზიცია შემიძლია გითხრათ, რომ ჩხუბი ყოველთვის ცუდია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.