რატომ უკავშირებს საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქის გატაცების საქმეს , იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელსაც კრემლი უკვე დიდი ხანია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ატარებს. საოკუპაციო რეჟიმი საკუთარი დანაშაულის გადაფარვას იმ ვერსიის გავრცელებით ცდილობს, რომ თითქოს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ინტერესი ღამურები იყო.
კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯით, საოკუპაციო რეჟიმი სავარაუდოდ იძულებითი აღიარებითი ჩვენების მიხედვით ადანაშაულებს შეერთებულ შტატებსაც და ლუგარის ლაბორატორიასაც, რომ თითქოს ღამურის სანაცვლოდ იხდიან 5 ათას ამერიკულ დოლარს. ამის გამო კი მეჯვრისხევის მკვიდრი ხვიჩა მღებრიშვილი აცნობიერებს საფრთხეს და მაინც მიზანმიმართულად კვეთს ე.წ. საზღვარს, რაც, საბოლოოდ, მისი დაკავებით დასრულდა.
ამაზეა საუბარი იმ არადამაჯერებელ აღიარებით ჩვენებაში, რომელსაც ოკუპანტები საქართველოს მოქალაქის სახელით ავრცელებენ.
ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ვერსიას აბსურდულს უწოდებს.
"ნორმალური ადამიანი გაიცინებს მაგაზე, რა ღამურები, რა ამერიკა. რა თაგვები, რის თაგვები. გაიმასხარავეს თუ რა იყო, არ ვიცი," - აცხადებს გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ძმა ჯუმბერ მღებრიშვილი.
სისულელეს და პროვოკაციას უწოდებენ ხვიჩა მღებრიშვილის მეზობლები გავრცელებულ ვერსიას და ამბობენ, რომ ამ ამბის გამოყენება ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ხდება.
"იმდენად სასაცილოა ხვიჩასგან ღამურების დევნა... დავუშვათ წავიდა, როგორ, ღამურამ იცის რომ აძვისა და ჯარიაშენის საზღვარზე აქეთ არ უნდა გადმოვიდეს? აქეთკენ ვერ დავიჭერდით?"- ამბობს ტარიელ გურგენიძე.