უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
სოფელ ყარაჯალარის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.
სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება.
გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები.
შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.