18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
მაჟორიტარების გადანაწილების 2 ვარიანტი - რა შეთავაზება ჰქონდა "ევროპულ საქართველოს" ენმ-სთან

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობასთან ოპოზიციას ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა, რომელიც ძალაში ჯერ კიდევ რჩება. დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოკერიამ ამ შეთავაზების დეტალებზე ისაუბრა.

გიგა ბოკერიას თქმით, პირველი, შედარებით ფართო ვარიანტი ითვალისწინებდა იმას, რომ ოპოზიცია ენმ-ს უთმობდა ყველა დიდ ქალაქს: თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი ან მარტვილი, ბოლნისი, გორი, ქობულეთი, ჭიათურა და ამ ოლქებში წარმოდგენილ ენმ-ს კანდიდატებს მაჟორიტარების შეთანხმების მონაწილე ყველა პარტია დაუჭერდა მხარს. ხოლო დანარჩენი პარტიები კანდიდატებს შეაჯერებდნენ  8 ოლქში: თერჯოლა, სამტრედია, ხელვაჩაური, ქედა, ფოთი ან მარტვილი, ხაშური, მცხეთა-მთიანეთი, გურია, რაჭა და ენმ-ს ამ კანდიდატებისთვის უნდა დაეჭირა მხარი. აღნიშნული ვარიანტი 11/8 პრინციპით იყო წარმოდგენილი. ამის გარდა თუ ენმ-ს ან შეთანხმების სხვა მონაწილის გამო პირველი ვარიანტი ვერ განხორციელდებოდა არსებობდა კიდევ უფრო ვიწრო ვარიანტი, რომელიც ევროპულ საქართველოსა და ენმ-ს შორის უნდა ყოფილიყო. ევროპული საქართველო 8 დიდ ქალაქში უთმობდა კანდიდატს ენმ-ს და მხარდაჭერას ითხოვდა 4 ოლქში, სადაც გიგა ბოკერია თქმით, მის პარტიას ძალიან ძლიერი კანდიდატები ჰყავს

"ეს არის ზემო აჭარა, ტარიელ ნაკაიძე, გიგი უგულავა მარტვილში ან ფოთში, გიგი წერეთელი თერჯოლა-ზესტაფონში და კაკო ბობოხიძე ხონში. უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მხოლოდ სადღეგრძელოს კი არ ვთავაზობთ, კონკრეტული, ძალიან მოქნილი შეთავაზებები გვქონდა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენებას გეგმავს, ამის პარალელურად "ევროპული საქართველო" მაჟორიტარების შეთანხმების დანარჩენ მონაწილეებს მოუწოდებს, რომ კონსულტაციები გაგრძელდეს და საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმდნენ.

 

დღის ამბები