18 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
ერგნეთში 11 თვიანი პაუზის შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი შეხვედრა დაიწყო

ერგნეთში, რიგით 96-ე შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღდგენას, წინ უძღოდა ინტენსიური კონსულტაციები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობის მონაწილეობით.

დიალოგის განახლების სურვილი დააფიქსირა ქართულმა მხარემაც. ეს მას შემდეგ, რაც უკანონოდ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ რეალურ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი მალავდა.

"მოგეხსენებათ, თუ რა ფონზე გვიწევს ამ შეხვედრის ჩატარება, როდესაც ჩვენი სამი მოქალაქე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. შეხვედრაზე დადგება საკითხი აღნიშნული პირების უპირობო გათავისუფლების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გასული შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რაც უსაფრთხოების გარემოს აზიანებს,"- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

ბოლო ასეთი შეხვედრა მხარეებს შორის შედგა ზუსტად 11 თვის წინ - 29 აგვისტოს შედგა. ამის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მიზეზი ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ქართული პოლიციის პოსტის მოწყობა გახდა, რომლის დემონტაჟსაც ე.წ. ხელისუფლება ითხოვდა.

დღის ამბები