17 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
"ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება" - აგვისტოს ომი, ბოლო წლების უმძიმესი დღეებით, რომელმაც გმირობის და თავგანწირვის ისტორიები შემოგვინახა

2008 წლის აგვისტოში ზაზა 10 თვის იყო. სერჟანტ ზაზა სოფრომაძის შვილის მეხსიერებაში მამა ომში დაღუპული გმირის სახით დაიბადა. ზაზამ იცის, რომ 24 წლის უმცროსი სერჟანტი ბრძოლის ველზე მეგობრის გამოსაყვანად შევიდა, თუმცა თანამებრძოლი უკვე გარდაცვლილი დახვდა. სოფრომაძემ დაღუპულის ცხედარი არ დატოვა და საბოლოოდ ტყვედ ჩავარდა. ოკუპანტებმა ახალგაზრდა ჯარისკაცს ტანკისტობა არ აპატიეს და 12 აგვისტოს დახვრიტეს. დღეს, გმირი ჯარისკაცის შვილი დარწმუნებულია, რომ მამის თავგანწირვა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

"ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება" - ასე გამოემშვიდობა ოჯახს უფროსი სერჟანტი ზურაბ ნაჭყებია. 42 წლის, აფხაზეთიდან დევნილი ჯარისკაცი მეოთხე ბრიგადის რიგებში მსახურობდა.

ნაჭყებია 8 აგვისტოს რუსული კასეტური ბომბის ჩამოგდების შედეგად დაიჭრა და მალევე ადგილზე გარდაიცვალა. ომში წასვლამდე ერთი კვირით ადრე სერჟანტი ბაბუა გახდა, თუმცა შვილიშვილის ნახვა ვეღარ მოასწრო.

შვილების მსგავსად, ძმათა სასაფლაოზე დღეს გმირებს დედებიც იხსენებდნენ. კაპრალ შმაგი ნოზაძის ცხედარს დედა დღემდე ელოდება. ნოზაძე ცხინვალის მისადგომების დაბომბვას უვნებლად გადაურჩა, თუმცა ბრძოლის ველზე უსაფრთხო ზონიდან მაინც დაბრუნდა. 24 წლის კაპრალის 9 თვიანი სამხედრო სამსახური ცხინვალთან სნაიპერის ტყვიამ დაასრულა. ცხინვალთან ახლოს დაიღუპა 20 წლის სერგეი გოროზიაც. ახალგაზრდა მეტყვიამფრქვევე აფხაზეთიდან დევნილი იყო. რუსულ ოკუპაციას 17 წლის ინტერვალით ჯერ მამა, შემდეგ კი შვილი შეეწირა. ომიდან 12 წლის შემდეგ, დედებს ერთადერთი სურვილი აქვთ - ოკუპაციის დასრულება.

საქართველოს უახლესი ისტორია გიორგი ანწუხელიძის გარეშე, დღეს, თითქმის წარმოუდგენელია. 24 წლის ეროვნული გმირის წამების კადრები მთელმა მსოფლიომ 2009 წელს იხილა. მეოთხე ბრიგადის სერჟანტი ოკუპანტებმა ცხინვალის მეხუთე სკოლის წინ ცემით მოკლეს. დიდი სისასტიკის მიუხედავად ანწუხელიძეს ქართული დროშის შეურაცხყოფა ვერავინ აიძულა. რუსული სამხედრო სისასტიკის მსხვერპლის ოჯახის წევრებს გმირზე საუბარი, ემოციების გარეშე, 12 წლის შემდეგაც უჭირთ.

"მინდა რომ ჩემი შვილი ოკუპაციის ბოლო მსხვერპლი იყოს" - ეს 2018 წელს საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამის სურვილია. 35 წლის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დღეს მისთვის მისაბაძი გმირების გვერდით განისვენებს. ნაწამები შვილის მამა, დღეს ყველაფრის მიუხედავად კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად, მხოლოდ მშვიდობას მიიჩნევს.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. თუმცა რუსეთი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დღემდე არ ასრულებს. ბორდერიზაცია, მავთულხლართები და ადამიანების გატაცება, ოკუპაციასთან ერთად, კვლავ საქართველოს მთავარ პრობლემად რჩება.

დღის ამბები