17 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
შინდისის ბრძოლა გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია - ირაკლი ღარიბაშვილმა თავდადებული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

შინდისის ტრაგედიიდან 12 წელი გავიდა. გმირთა მემორიალთან დილიდან მიდიან დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები.

შინდისში იმყოფებოდნენ თავდაცვისა და სახელმწიფო მინისტრები.

გმირთა მემორიალთან მისულმა თავდაცვის მინისტრმა, თავდადებული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. 

"შინდისის ბრძოლა, ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია. გვინდა პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი სულების წინაშე. მშობლებს მადლობას ვუხდით, რომ ასეთი გმირები აღუზარდეს და აჩუქეს ჩვენს სამშობლოს. ეს იმ გმირობის მაგალითია, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ," - აღნიშნავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

ადგილზე იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი. მან შინდისის გმირების თავდადებას გამორჩეული მაგალითი უწოდა. 

​"ეს იყო თავდადების გამორჩეული მაგალითი, რომელიც მუდამ დარჩება ჩვენთვის მოუშუშებელ ტკივილად. ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების თავგანწირვამ, მოგვცა იმის ვალდებულება, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებაზე და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის გამთლიანებაზე,"- აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი. 

2008 წლის 11 აგვისტოს, მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს. შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა. ეს ბრძოლა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო.

დღის ამბები