"პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერს, რომელიც აჭარაში გამოჩნდა და რომელზეც აჭარაც ოკუპირებულ რეგიონადაა მონიშნული, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში სეპარატისტული განწყობების გაღვივების მცდელობად აფასებენ.
"რუსეთის პოლიტიკა არის სწორედ ნატოსთან დაპირისპირება და სეპარატიზმის გაღვივება. საარჩევნო პერიოდის მიუხედავად არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს აქცენტი ამგვარად და ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შუღლის დათესვას," - აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი.
მსგავს გზავნილებს ქვეყნისთვის ხიფათის შემცველს უწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი:
"პატრიოტთა ალიანსის მიზნებზე ვერ ვისაუბრებ, სამაგიეროდ სავარაუდო შედეგზე შეიძლება ვისაუბროთ, ეს არის ძალიან ხიფათის შემცველი ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე განსაკუთრებით ფრთხილი უნდა ვიყოთ, შეფასებებშიც, განცხადებებშიც და სარეკლამო პოსტერებშიც,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.